FC „ზესტაფონი“ დაარსდა 2004 წელს და მალევე იქცა ერთ-ერთ მნიშვნელოვან კლუბად საქართველოს საფეხბურთო სამყაროში. თუმცა ქალაქის საფეხბურთო ტრადიცია ბევრად ადრე იწყება – 1937 წელს შეიქმნა „მეტალურგი ზესტაფონი“, რომელმაც წლების განმავლობაში მოიპოვა რამდენიმე მნიშვნელოვანი ტიტული, მათ შორის 1962 წელს საქართველოს თასი. დამოუკიდებლობის წლებში ზესტაფონს წარმოადგენდა „მარგვეთი“, რომელიც 1996 წელს ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი გახდა, მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო 2000 წელს დაიშალა.
„ზესტაფონის“ ახალი ეპოქა 2004 წელს დაიწყო. კლუბი პირდაპირ უმაღლეს ლიგაში ჩაერთო და რამდენიმე წელიწადში ქვეყნის წამყვან გუნდად ჩამოყალიბდა. პირველი დიდი წარმატება 2007 წელს მოიპოვა, როცა გუნდმა საქართველოს თასი მოიგო. ყველაზე გამორჩეული პერიოდი კი 2010–2012 წლები იყო: „ზესტაფონმა“ ზედიზედ ორჯერ მოიპოვა საქართველოს ჩემპიონობა, ორჯერ – სუპერთასი და ერთხელ – საქართველოს თასი. ამავე დროს კლუბი რეგულარულად ასპარეზობდა UEFA-ს ტურნირებზე და ევროპაში საქართველოს სახელიც გაიტანა.
საშინაო მატჩებს გუნდი დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე მართავს, რომელიც 1952 წელს აშენდა და არაერთი განახლების შემდეგ თანამედროვე სტანდარტებს შეესაბამება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ რამდენიმე წლის წინ აშენდა ბუნებრივი საფარის სტადიონი თბილისში რომელზეც აქტიურად მიმდინარეობს ახალგაზრდა თაობის აღზრდა. FC „ზესტაფონი“ ქართულ ფეხბურთში ცნობილი გახდა არა მხოლოდ ტიტულებით, არამედ ორგანიზებულობითა და ინფრასტრუქტურითაც. კლუბმა დიდი ყურადღება დაუთმო ახალგაზრდულ აკადემიას, სადაც ადგილობრივი ტალანტების აღზრდა დაიწყო. სწორედ აქედან წამოვიდნენ არაერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომლებიც შემდეგ ეროვნულ ნაკრებშიც მოხვდნენ.
გუნდის სტილი ყოველთვის გამოირჩეოდა დისციპლინით, ტექნიკური თამაშით და სწრაფი შეტევებით. „ზესტაფონის“ ჩემპიონობის წლებში მისი მატჩები დიდ ინტერესს იწვევდა, სტადიონი მუდამ სავსე იყო და ქალაქი მთლიანად ერთიანდებოდა გუნდის გარშემო. დღეს კლუბი ქვედა ლიგებში ასპარეზობს, მაგრამ მისი მიზანია – ეტაპობრივად დაბრუნდეს უმაღლეს დივიზიონში, განაახლოს წარმატებული ისტორია და კიდევ ერთხელ დაამტკიცოს, რომ ზესტაფონს შეუძლია საქართველოს ფეხბურთის მთავარ ძალებს შორის ღირსეული ადგილი დაიკავოს.